რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?
- ეკონომიკა
- ოქტომბერი 16, 2024
- 28
ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო. იმის გამო, რომ ენერგეტიკული ბირჟის გახსნა დროში რამდენჯერმე გადავადდა და ახლაც ის მომავალი წლის 1 ივლისამდე სატესტო რეჟიმში მუშაობს, ბუნებრივია, გაზის ბაზრის რეფორმამაც დროში გადაიწია.
ბირჟაზე ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დაწყების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს, თუმცა როგორც სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, ბირჟის გახსნის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მიღებულია გადაწყვეტილებაც, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით ვაჭრობა ერთ ბირჟაზე, ერთი ოპერატორის მიერ განხორციელდება.
„ბირჟა გაიხსნება აუცილებლად მაშინ, როცა მთავრობა მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. პლატფორმის მომზადება და წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე ხორციელდება, ამის კარგი პრაქტიკა და მაგალითი გვაქვს, როცა ელექტროენერგეტიკული ბირჟის პლატფორმა დაინერგა და იგივე ოპერატორის მიერ მოხდება ასევე გაზის ბაზრის მართვა“, – აცხადებს დავით ნარმანია.
საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ გაზზე ძირითადად იმპორტით არის დაბალანსებული. ქვეყანას ბუნებრივი გაზის 85%-ს აზერბაიჯანი აწვდის. მომწოდებლების სიმცირის პირობებში გაზის ბირჟის არსებობას სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
„გაზის სექტორში შეიძლება უფრო მარტივი იყოს უბალანსობის მკურნალობის მექანიზმები, იმიტომ რომ თუ აქ საათობრივ ჭრილში ივაჭრება, იქ დღიურ ჭრილში ივაჭრება, ამიტომ იმ ნაწილში შედარებით მარტივი იქნება რამდენადაც ვხვდები, თუმცა გაზის სექტორს სხვა პრობლემა აქვს. თუ აქ მომწოდებელი ბევრია, იქ ერთი მომწოდებელია -„სოკარი“ და ერთი მომწოდებლის პირობებში ბირჟის გახსნის ლოგიკა შეიძლება იყოს ცოტა უცნაური“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
ენერგეტიკოსი გია არაბიძეც თვლის, რომ გაზის ბირჟის გახსნა გრძელვადიანი პერსპექტივაა და მანამდე ქვეყანას გაზის სექტორში ახალი მომწოდებლების მოზიდვაზე მუშაობა ინტენსიურად მოუწევს.
„საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში ბუნებრივი აირის წილი 40-42%-ია, 99,5% პროდუქციისა, რომელიც ამ ბირჟაზე უნდა შევიტანოთ იქნება იმპორტირებული, ჩვენი მხოლოდ 0,5%-ია, ეს პრობლემური გახლავთ. არის მეორე ვარიანტი – დღეს ჩვენ გაზის ორგანიზებული ბაზარი არ გვაქვს. აქ ორი ბაზარი ფუნქციონირებს, ეს არის საცალო ბაზარი და საბითუმო ბაზარი. საბითუმო ბაზარზე ხდება მხოლოდ ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, შემოტანა და მერე გადაყიდვა სხვა მიმწოდებლებთან. 28 ორგანიზაცია მუშაობს დღეს ჩვენს ბაზარზე, აქედან 17 საცალო ბაზარზე, 11 ორივეზე მუშაობს, რაც ართულებს საწყის პირობებს.
არის მეორე ვარიანტიც, გაზის შემომტანი ძირითადად 4 კომპანიაა, მათ შორის ნავთობისა და გაზის კორპორაცია და სოკარ ჯორჯია. რით უნდა დავიწყოთ? პირველ რიგში დასაწყებია გამხოლოებითი სამუშაოები, ანუ მიწოდება და განაწილება ერთმანეთისგან უნდა გამხოლოვდეს. მერე ვართ გადასასვლელი ბირჟის გახსნის ეტაპზე, რაც შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესი იქნება. მთავარი ის არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება ახალი მომწოდებლების ძიება, დღეს გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანი, რომელიც 80-85%-ით ამარაგებს საქართველოს და რუსეთი, საიდანაც დაახლოებით 300-400 მილიონი კუბური მეტრი გაზი შემოდის. ეს ორი მომწოდებელი გვყავს, სერიოზული მუშაობა უნდა წავიდეს, რომ მომწოდებლები გაიზარდოს.
ენერგეტიკის ინტეგრირებულ გეგმაში არის გაწერილი, როგორ შეიძლება საქართველოში გაზის მიმწოდებლების გაზრდა, თურქმენეთის ჩართვა, შუა აზიის ჩართვა, როგორ შეიძლება ბუნებრივი გაზი მივიღოთ და იქიდან ვაწარმოოთ თხევადი გაზი და ის გავიტანოთ დავუშვათ ბოსფორის სრუტის საშუალებით ევროპის ქვეყნების ან ხაზი გაკეთდეს, რომ უკრაინას მივაწოდოთ. იდეები არსებობს, რომელსაც სჭირდება დრო და ფული“, – აცხადებს გია არაბიძე.
ის, რომ იმპორტდამოკიდებულება და მომწოდებლების სიმცირე საქართველოსთვის გამოწვევაა, აღიარებს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორიც. არტურ ლორკოვსკიმ BMG-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანა დილემის წინაშეა, ბაზარი გახსნას თუ ჯერ მომწოდებლები მოიზიდოს.
„მოლოდინი გაზის სექტორის მიმართ მსგავსია როგორც ელექტროენერგიის ბაზრისადმი, მოლოდინია, რომ გაზის სექტორიც იყოს ღია, მაგრამ პრობლემა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული გაზის მიწოდების საკითხთან. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. ქათმის და კვერცხის სიტუაცია გვაქვს, პირველ რიგში ბევრი მიმწოდებელი კომპანია გვინდა გვყავდეს და შემდეგ გავხსნათ ბაზარი, თუ პირიქით ჯერ გავხსნათ და მერე მეტი მიმწოდებელი მოვიზიდოთ. ეს არის დილემა, რის წინაშეც ვდგავართ და ვფიქრობთ საქართველოს უჭირს ბოლო პერიოდში ამ დილემასთან გამკლავება. ჩემი შთაბეჭდილებაა ის, რომ ახლა საქართველო მეორე ვერსიისკენ მიდის, და ნამდვილად სურს, რომ ბაზრის გახსნის მიმართულებით იმუშაოს. ეს მოითხოვს გაზის ბირჟის შექმნას. ეს არის რეფორმა, რა გზითაც უნდა შეიქმნას რეალური ბაზარი , რომელიც ემსახურება მომხმარებელს და არა მიმწოდებელს, ეს უნდა იყოს მათზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე მორგებული პლატფორმა“, – აცხადებს არტურ ლორკოვსკი.
გაზის ბირჟის გახსნა შეიძლება გრძელვადიანი პერსპექტივა იყოს, თუმცა ე.წ ანბანდლინგის პროცესი უკვე დაწყებულია. გაზის სექტორშიც, როგორც ეს ელექტროენერგიის შემთხვევაში მოხდა, გამანაწილებელი და გადამცემის სისტემის ოპერატორები უნდა განცალკევდნენ, რა პროცესიც სემეკის თავმჯდომარის თქმით, მალე დასრულდება.
“ბუნებრივი გაზის სექტორში რეფორმები დაწყებულია, მარეგულირებელ კომისიას მომზადებული აქვს ძირითადი მეორადი საკანონმდებლო აქტების პროექტები, რომელთა სამუშაო ჯგუფებში შეხვედრები მიმდინარეობს ასევე ჩვენთან სამ კომპანიას, ვისაც სავალდებულოდ ეხება გამხოლოება, არის „თბილისი ენერჯი“, „სოკარი“ და „საქორგაზი“, წარმოდგენილი აქვთ გამხოლოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. კომისიაში ამ ყველაფერს სწავლობს და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება ეს პროცესი“,-განუცხადა დავით ნარმანიამ bm.ge-ს.
bm.ge